Friday, August 20, 2010

ქართული კინო თანდათან ბრუნდება

წარწერები ჩარჩოში:
`ქართული კინო უცნაური ფენომენია, განსაკუთრებული ფილოსოფიური შუქით მოსილი, მაღალი გემოვნების და ამავე დროს ბავშვურად უცოდველი,~ _
ფედერიკო ფელინი

`ერთი ფილმის შესაქმნელად მილიონი ლარი მიზერული თანხაა, თუმცა კინოცენტრმა რამდენიმე მილიონიც რომ გასცეს, ეს ხარისხიანი ნამუშევრის გარანტია არ იქნება,~ _ ნესტან ნიჟარაძე

კინოსტუდია `ქართული ფილმი~ წარსულში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოცენტრი იყო, თუმცა 1990-იანი წლების არეულობამ იგი, ფაქტიურად, გაანადგურა. გამოცოცხლების ნიშნები სტუდიას მხოლოდ ახლა დაეტყო, როცა ახლოვდება ქართული კინემატიგრაფიის ისტორიის 100-წლოვანი იუბილე (2008 წ). დღეისათვის კინოს მუშაკებს პროდუქტის საწარმოებლად თანხების უკმარისობა აწუხებთ, მთავრობამ რამდენადმე გაზარდა მხარდაჭერა, ხოლო მაყურებელი ჯერაც სერიოზული ტალანტების გამოჩენას ელის.
`კრიზისი გადალახულია. დამოუკიდებელი სტუდიები ფილმებს იღებენ, სახელმწიფო აფინანსებს ფილმის წარმოებას, ჩნდება ახალ ფესტივალებზე გამოჩენის შანსი,~ ამბობს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე. კინოცენტრი `კინოს შესახებ კანონის~ შესაბამისად კულტურის სამინისტროსთან დაარსდა 2001 წელს.

ეროვნული კინოცენტრის დღევანდელი ბიუჯეტი 1,3 მილიონ ლარს შეადგენს და ამ თანხით 20 პროექტი დაფინანსდა. პროექტების რიცხვში იყო როგორც სრულმეტრაჟიანი, ასევე მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. ამის გარდა კინოცენტრი მაქსიმალურ რეკლამას უწევს ქართულ კინოს სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გზით და წარსული დიდების დაბრუნებას ამგვარად ცდილობს.

ეროვნულმა კინოცენტრმა მოახერხა შევარდნაძის დროინდელი ნულოვანი ბიუჯეტოს მქონე ორგანიზაციიდან ამჟამინდელ, მილიონიანი დაფინანსების მქონე დაწესებულებად გადაქცეულიყო, მაგრამ დაფინანსება მაინც არ არის საკმარისი, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ქართული კინოსათვის კარგი ფილმების შემქმნელის რეპუტაციის დაბრუნებას.
`ერთი ფილმის შესაქმნელად მილიონი ლარი მიზერული თანხაა, თუმცა კინოცენტრმა რამდენიმე მილიონიც რომ გასცეს, ეს არ იქნება ხარისხიანი ნამუშევრის გარანტია,~ ამბობს კრიტიკოსი ნესტან ნიჟარაძე, რომელსაც დაბალბიუჯეტიანი წარმატებული ფილმის მაგალითად აკადემიის წლევანდელი პრიზიორი, გერმანული ნამუშევარი `სხვათა სიცოცხლე~ მოჰყავს: `პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კარგს არავინ არაფერს აკეთებს.~
საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველები კი აგრძელებენ მსოფლიო კლასის ფილმების გადაღებას. ოთარ იოსელიანი, რომელიც 1982 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, კვლავაც შესანიშნავ ფილმებს ქმნის, ნანა ჯორჯაძის `შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი~ 1997 წელს ოსკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. გელა ბაბლუანის ფილმმა `ცამეტი~, რომელიც მისი სარეჟისორო დებიუტი იყო, 2006 წელს სანდენსის ფესტივალზე მსოფლიოს კინო-ჟიურის პრიზი დაიმსახურა.
ზოგიერთი კინომუშაკი, მაგალითად გოგიტა ჭყონია, ახალი ადგილობრივი შედევრების არქონაში მთავრობას ადანაშაულებს, რადგან კომუნისტების დროინდელი ფინანსური უზრუნველყოფის სადღეისო მიუწვდომლობის გამო კინოხელოვნება `მშრალზე~ დარჩა. ზოგი ახალგაზრდა შემოქმედი, გიორგი დიასამიძის მსგავსად, სავსებით დამოუკიდებლად მუშაობს ვიდეოკამერით. ყოველგვარი ინსტიტუციონალური მხარდაჭერის გარეშე მოქმედი ეს ადამიანები საკუთარ ფილმებს სხვადასხვა ფესტივალზე გზავნიან უკეთესი მომავლის მოლოდინში.
ჟურნალ `ანაბეჭდის~ კინომიმომხილველი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში მოღვაწე კინომუშაკების დიდი ნაწილის პრობლემა მწირი ხედვაა და დასძენს, რომ საქართველოს შესახებ შექმნილ საუკეთესო ფილმებს ამჟამად უცხოეთში მცხოვრები ქართველები იღებენ, რადგან ეს უკანასკნელნი ევროპული კინომუშაობის გამოცდილებას უკეთესად არიან ნაზიარები.

`ახალგაზრდა რეჟისორებს ხელთ ვიდეოკამერა და უამრავი მასალა აქვთ _ გადახედეთ თუნდაც ჩვენს ახლო წარსულს. ამის მიუხედავად, ძალიან ცოტა მათგანს აღმოაჩნდა რაიმე სათქმელი. იმგვარი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ხალხი სინამდვილეს გაურბის და ფილმებს `არაფერზე~ აკეთებს,~ ამბობს კაკაბაძე.

სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი ბესარიონ გიორგობიანი ამბობს, რომ ქართული კინოს პრობლემა დღეს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით არის გამოწვეული. უპირველესად აღსანიშნავია, რომ არ არსებობს კინოწარმოების რეგულაციის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამ წარმოებას წაახალისებდა, როგორც საფრანგეთსა და ლატვიაში ხდება: `მიღებული გრანტებიდან გადასახადებს ვიხდით, მთავრობა ბიზნესმენებივით გვიყურებს.~
2005 წელს გიორგობიანმა 700 000 დოლარი მოიძია ევროპელი პროდიუსერებისაგან, რათა ფილმი `შაჰიდის თვალები~ გადაეღო ჩეჩენი კამიკაძის შესახებ. ამერიკელ დისტრიბუტორთან ხელშეკრულების დადების შემდეგ მას დასჭირდა სულ მცირე მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული კინოცენტრისაგან, რათა ბრიტანეთის კინოსაბჭოს გრანტი მიეღო, მაგრამ ცენტრმა უარი განაცხადა კონტრაქტის ხელმოწერაზე, რომელიც ამ ორგანიზაციას, გიორგობიანის თქმით, სიმბოლური თანხის გადახდას აკისრებდა.
`ქართული ფილმის 15 წლიანი უმოქმედობა პირველი ტრაგედია იყო, ეს კი მეორე,~ აღნიშნავს გიორგობიანი. მისი ფილმის ჩავარდნის მიზეზად იგი ფილმების შერჩევის კინოცენტრისეულ მეთოდს მიიჩნევს, რომელიც შვიდკაციანი როტაციული საბჭოს მიერ ნაწარმოების შერჩევაში გამოიხატება: `ეს პატარა ქვეყანაა პატარა ბიუჯეტით. ყველამ იცის, ვინ იღებს დაფინანსებას და ვინ ვისი მეგობარია.~

რადგან ფილმის გადაღების თანამედროვე პროცესი საქართველოში მხოლოდ ახლახანს მკვიდრდება, ცოტაა იმგვარი კინომუშაკი, რომელსაც ფილმის წარმოების ნამდვილი ბიზნეს-უნარები გააჩნია. დღეს თბილისში ორი მთავარი დამოუკიდებელი კინოკომპანიაა: `სანგუკო~ და `რემკა~, რომელთაც რამდენიმე ფილმი გადაიღეს. ამათგან აღსანიშნავია `რემკას~ `გასეირნება ყარაბაღში~ (2005 წ, რეჟისორი ლევან თუთბერიძე), რომელიც საერთაშორისო პუბლიკის მიერ არცთუ თბილად იქნა მიღებული უცნობი თემატიკის (სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტი ყარაბაღში) გამო, თუმცა საქართველოში ფილმი უდიდესი წარმატებით სარგებლობდა.

გიორგობიანი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს მწირი ხედვა გააჩნიათ და ფილმის დაფინანსებას არა მისი პოტენციალის, არამედ ფილმის იდეის ავტორთან პირადი მეგობრული ურთიერთობის საფუძველზე ახდენენ. ამ მიზეზით გიორგობიანმა საკუთარი მცირე კომპანია დააარსა და დისტრიბუტორებთან მოლაპარაკებას ადრეულ ეტაპზე იწყებს, როცა გადასაღები თანხისა და სცენარის საკითხები ჯერაც მოუგვარებელია. `საქართველოში ამგვარი მიდგომა ჯერ არ არსებობს. უცხოელი პროდიუსერების მოძიება უფრო ადვილია, ვიდრე მათი ქართველი კოლეგებისა,~ აცხადებს ბესარიონ გიორგობიანი.

წელს ეროვნული კინოცენტრი 2 ფესტივალს უმასპინძლებს, რაც დაბალბიუჯეტიანი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, თუმცა კინომწარმოებელმა წარდგენილი პროექტის თანაპროდიუსერის პოვნა უნდა მოახერხოს თანხის ნაწილის დაფარვის მიზნით.
გიორგობიანი თვლის, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა მუშაობა გამოასწორა, განსაკუთრებით გაგა ჩხეიძის დირექტორობის პერიოდში, მაგრამ აცხადებს, რომ ქართული კინოს კრიზისი არ გადაივლის სანამ საქართველოს მთავრობა ბიუჯეტში მეტ დაფინანსებას არ გაითვალისწინებს. იგი იმასაც უსვამს ხაზს, რომ შერჩევის პროცესი რეფორმას საჭიროებს, რადგან კომისიის მუშაობაში ნაცნობ-მეგობრობის დიდი გავლენა შეინიშნება.
სხვები, მაგალითად ნინია კაკაბაძე, იმ აზრისაა, რომ კრიზისი მორჩება მაშინ, როცა ქართველ კინომწარმოებლებს სიახლის ახლებურად თქმის სურვილი გაუჩნდებათ: `ველით ახალ თაობას, რომელმაც ახალი ფორმები და იდეები უნდა გამონახოს. პროცესი დაწყებულია, თუმცა ნელა ვითარდება.~


კინოს მოკლე ისტორია საქართველოში

 
1896 წლის ნოემბერში, პარიზული დებიუტიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, კინემატოგრაფმა საქართველოშიც ჩამოაღწია. არისტოკრატიული საზოგადოება ფილმების სანახავად რუსთაველის თეატრთან არსებულ ელიტურ კაფეში იკრიბებოდა. მალე გამოჩნდა კინოთეატრები `ოდეონი~, `აპოლო~ და `მულინ ელექტრიკი~. ქართული კონოს დაბადებას 1908 წელს აღნიშნავენ, 1912 წელს კი ვასილ ამაშუკელმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი `აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში~, რომელიც თვითმყოფადი ეროვნული ნიშნებით ხასიათდება და ცნობილი კინოკრიტიკოსის ჟორჟ სადულის სიტყვით `მსოფლიო დოკუმენტალური კინოს ერთ ერთ უძლიერეს ნაწარმოებს წარმოადგენს.~
პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იყო ალექსანდრე წუწუნავას მიერ 1916 წელს გადაღებული `კატარინა~, სადაც გაიბრწყინა პირველმა ქართველმა კინოვარსკვლავმა ნატო ვაჩნაძემ. ამ მსახიობის კარიერა აღმავლობით წარიმართა მთელი 30 წლის განმავლობაში, ავიაკატასტროფაში მის ტრაგიკულ დაღუპვამდე.

1921 წელს საბჭოთა რეჟიმის დამაყრების შემდეგ კინო მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღად იქცა, თუმცა ქარველი რეჟისორები ხანდახან მაინც ახერხებდნენ, გადაეღოთ ფილმები ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებების მიხედვით. სსრკ თხუთმეტივე რესპუბლიკას გააჩნდა კინოსტუდია, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. საქართველოს სტუდიის კვოტა სიდიდით მესამე იყო (რუსეთისა და უკრაინის შემდეგ), ხოლო ქართული კინოსკოლა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი უმძლავრესი იყო გამოცდილებისა და კარგი დაფინანსების გამო.
ქართული კინოს ოქროს ხანა 1960-70 იან წლებში დადგა, როცა რეჟისორებმა ელდარ და გიორგი შენგელაიებმა, ოთარ იოსელიანმა, თემურ ჩხეიძემ, სერგო ფარაჯანოვმა და თენგიზ აბულაძემ ნამდვილი კინოშედევრები გადაიღეს. 1980-90 იან წწ. ზოგიერთი რეჟისორი (ოთარ იოსელიანი, დიტო ცინცაძე, თემურ ბაბლუანი) საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა, საქართველოში დარჩენილი მათი კოლეგების (დათო კოტეტიშვილი, გოგიტა ჭყონია), კარიერაში კი 1990 წელს, ქართული კინოსტუდიის რღვევასთან ერთად, სამწუხარო პერიოდი დადგა.
ორი ფილმი, რომელიც შეიძლება კინოს გამოღვიძებას მიასწავებდეს, არის ლევან ზაქარეიშვილის `თბილისი თბილისი~ და რეზო ესაძის `სახურავი~, თუმცა მათ გადაღებას 12 წელი დასჭირდა.

პოლ რიმპლი

No comments:

Post a Comment